არაფერი პირადი

Post factumm

Archive for the month “სექტემბერი, 2011”

The day after tomorrow

თუ ჩემი მწვანე ბლოგი  შენს რიდერშია, ე.ი. ჩემს შესახებ ასე თუ ისე რაღაცები იცი, თუ არადა ახლა შეგიძლია ჩაამატო:)

ამ ბლოგის შექმნა, რომელსაც ახლა კითხულობ,  ორმა რამემ გადამაწყვეტინა: ჩემმა ახალმა სამსახურმა და დაგროვილმა ამბებმა, რომელიც კალაპოტს ეძებს დღის სინათლეზე გამოსასვლელად.

ჩემი მწვანე ბლოგის მკითხველებმა იცით რომ ჟურნალისტი ვარ.ხანდახან რომ ვფიქრობ რამხელა ტვირთი მაქვს ცხოვრებაში აკიდებული, თუნდაც ჩემი სტატუსის გამო, სიცოცხლე აღარ მინდა.

ჟურნალისტობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დაუფასებელი პროფესიაა.  როგორი კარგი სტატიაც არ უნდა დაწერო, როგორც არ უნდა შეეცადო სტატიაში ბალანსის დაცვას,  ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვისაც თუნდაც ერთი დეტალი არ მოეწონება და განაწყენდება.

თუ მოხდა ისე რომ შეცდომა დაუშვი, იმწამსვე იქცევი დებილ ჟურნალისტად. არა აქვს მნიშვნელობა რა გაგიკეთებია მანამდე, იმწამსვე ყველაფერი ნულდება და თავიდან გიწევს ყველაფრის დაწყება.

პარადოქსია, საქართველოში, სადაც როგორც წესი, ვერასოდეს ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, ერთ რამეზე ყველა თანხმდება: “ყველა ჟურნალისტი დებილია”, “ეგ გაუნათლებლები ეგენი” ….    etc. etc.

ვიქნები თვითკრიტიკული და ვიტყვი: ამ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა რომ კარგი ჟურნალისტი ვარ. მე ჩემს თავს უფრო ამბების კარგად შემგროვებელს ვუწოდებდი, რომელიც ცდილობს ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს – ფაქტები არ დაამახინჯოს და ჟურნალისტური ეთიკა დაიცვას. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ. ასე ათი წლის მერე (თუ რა თქმა უნდა მანამდე ვიცოცხლებ) ალბათ შევძლებ საკუთარი თავი კარგი ჟურნალისტების გვერდით დავაყენო, მანამდე კი ჯერ შორია. ბევრი უნდა ვისწავლო და გამოცდილება შევიძინო.

რაზე იქნება ეს ბლოგი.

იდეაში ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე. ჩემი მიმდინარე ქალაქი დუშეთია, მიმდინარე სამსახური – მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი,  http://www.icmm.ge.
მართალია ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, მაგრამ მომდევნო 5 თვე ზუსტად ვიცი აქ ვიქნები.

წესით და რიგით ოქტომბრის ბოლოს ნორვეგიაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ გადავიფიქრე. ჩემი მეგობრებისთვის ცოტა რთული გასაგები აღმოჩნდა, რატომ შეიძლება გინდოდეს საქართველოში ცხოვრება და რატომ შეიძლება თქვა უარი  ნორვეგიაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მინდა. რამდენიმე თვის წინ წასვლა მინდოდა, ახლა აღარ მინდა.  უბრალოდ არ მინდა და მორჩა.

საერთოდაც ჩემი ცხოვრება ხეტიალისგან, გადაფიქრებებისგან, შეცდომებისგან და პატარ-პატარა წარმატებებისგან შედგება. სულ ვამბობ რომ ცხოვრების “მუღამიც” სწორედ ამაშია – ხეტიალში, თავგადასავლების ძიებაში და არასტაბილურობაში. სტაბილურობა მკლავს. სტაბილური ადამიანი დამდგარ წყალს მაგონებს, რომელიც მყაყდება და ყველასათვის გამოუსადეგარი ხდება. სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას…

წინასწარ რაღაც მოლოდინი მაქვს. ზუსტად ვიცი იმ პოსტების გამო რომელსაც მომავალში დავწერ ბევრი გამაკრიტიკებს, ბევრი დამცინებს, ბევრ “ღრმადფილოსოფიურ დიდაქტიკურ რჩევა-დარიგებას” მივიღებ, მაგრამ ასევე  წინასწარ გეტყვით, მარტივად –  მკიდია:)  (ეს უკანასკნელი სიტყვა შემეძლო უფრო კორექტულადაც დამეწერა, მაგრამ სიმძაფრეს დაკარგავდა:).

როგორც ვასასი ამბობს, თუ ერთ დღეს მაინც ყველა დავიხოცებით, ჯანდაბას ვიცხოვრებ ისე როგორც მინდა, დინების საწინააღმდეგოდ, აღმართ-აღმართ, მწვერვალისკენ 🙂

ორი დღე შიშის ქალაქში

ჩემმა მეგობარმა მითხრა დიდი ხნის წინ, საშინელი მეოცნებე ხარ. არ გეშინია ერთ დღეს ყველა ოცნება რომ აგიხდესო? მაშინ ხომ ცხოვრების აზრს დაკარგავ. მიზანი აღარ გექნება რისკენაც სწრაფვას ისურვებო.
კარგად მახსოვს რა ვუპასუხე:
– ნეტავ ამიხდეს და ახალს მოვიფიქრებ რამესთქო.
მე ოცნებები ამიხდა. თქვენ ხომ იცით, ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა, ყველა ჩემი ოცნება მთას უკავშირდება.
მთა, მთა და ისევ მთა.
სამი წელი დამჭირდა იმისთვის, ის რომ მქონოდა რაც ამწუთას მაქვს.
მთასთან ახლოს ვარ, დუშეთში.
ვმუშაობ.
წესით ბედნიერი უნდა ვიყო.
ვარ კიდეც, თუმცა პირველივე სამუშაო დღეს ტორნადომ გადამიარა.
ასე მგონია რომ საქართველოში კი არ ვცხოვრობ და ვმუშაობ, არამედ სადღაც იტალიაში. ძველ სიცილიაზე, მაფიოზური კლანები რომ თარეშობდნენ და მთელს იტალიას განაგებდნენ.
ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა, 21-ე საუკუნის საქართველოში, პატარა ქალაქ დუშეთში ყველა გზა ზურაბ ოტიაშვილთან მიდის.
დღეს ყველა მეკითხება ვინ არის ეს კაცი. ოფიციალური სტატუსით საკრებულოს რიგითი დეპუტატი, არაოფიციალური სტატუსით კი ის მთელს დუშეთს განაგებს.
მე არასოდეს მინახავს საქარველოს რომელიმე კუთხეში ხალხი ისე იყოს დაშინებული როგორც დუშეთში. ეს პატარა ქალაქი შიშის სამეფოა. გუშინ ატრაქციონებთან დაკავშირებით ქუჩაში გამოკითხვას ვატარებდი. უმრავლესობა გამირბოდა, ზოგი მელაპარაკებოდა, მაგრამ სახელს და გვარს არ ამბობდა. ვინაობის დასახელების გარეშე კიდევ აზრი არ აქვს. ყველა კომენტარზე რომელსაც ვწერ და რომლის ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 2 წუთია, მინიმუმ ნახევარი საათი მუშაობა მჭირდება. და მე, ცხოვრებაში პირველად ვეხვეწები ადამიანებს რომ სახელი და გვარი მითხრან.
ვეუბნები რომ ეს ქალაქი ვინმე ოტიაშვილის კი არ არის მათია, ხოლო ოტიაშვილი ხალხის მიერ დაქირავებული რიგითი ჩინოვნიკი. რომ ფული, რომელსაც ზურაბ ოტიაშვილი ყოველ თვიურად ხელფასის სახით იღებს, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ხვდება ბიუჯეტში. მაგრამ ხალხს მაინც ეშინია.
იმ ადამიანებმა ვინც მიცნობს, კარგად იციან როგორი არასკანდალური ვარ. უცნაურია, მაგრამ ექსკლუზივების მოპოვების იღბალი ნამდვილად მაქვს. არაერთი მნიშვნელოვანი თემა გამიშუქებია დღემდე როგორც ჟურნალისტს, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი, ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა. იმიტომ რომ მე მინდოდა ასე. ერთ მაგალითად ვფიქრობ ზაზა ბურჭულაძის და ქუთაისელი ინტელიგენციის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც საკმარისია. იმ დღეს, როცა სამსახურიდან წამოვედი, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. თითქმის ყველა წამყვანი არხი მირეკავდა ინტერვიუსათვის. მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ბოლოს იმაზეც თანახმა იყვნენ, უბრალოდ კადრში გამოვჩენილიყავი და ხმა საერთოდ არ ამომეღო. მე მაშინ უარი ვთქვი ერთჯერად პოპულარობაზე და ახლა იგივე სიტუაციაში რომ ვიყო, ისევ უარს ვიტყოდი.
რატომ დამჭირდა ამ ისტორიის მოყოლა. გუშინ ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში. შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.
გუშინ ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი რეალური საფრთხის წინაშე – დაგაბრალონ ის რაც არ ჩაგიდენია. ვაღიარებ, გუშინ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა მაშინ, როცა ჩემი ხელჩანთა დაცვის თანამშრომელს ეჭირა , ხოლო პრესსამსახურის ხელმძღვანელი იმავე დაცვას ეძახდა – იცოდეთ არაფერი ჩაუდოთო ! წამებში გავაანალიზე, რომ მოულოდნელად შეიძლება აღმოვჩენილიყავი ნარკორეალიზატორი, იარაღის გადამტანი ან ძალიან საშიში დამნაშავე. შემეშინდა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველაფერი მოსულა. საქართველოს რიგ კუთხეებში ცხოვრება ჯერ კიდევ საბჭოურ სისტემაზე მორგებული მიედინება.
ჯერ კიდევ გუშინ მთა ოცნება იყო.
დღეს ეს სამსახური ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
გუშინ, როცა დუშეთის გამგეობიდან ოფისში ვბრუნდებოდი უკვე ვიცოდი რომ ამ ისტორიას დავწერდი. ცხოვრებაში პირველად შევეცდებოდი დამეცვა საკუთარი თავი და ის ადამიანები ვინც ჩემს გვერდით მუშაობენ.
მე არ ვარ სკანდალისტი. მე არასოდეს გამივრცელებია ინფორმაცია, რომლის სიმართლეში დარწმუნებული არ ვიყავი. მე არ მსურს პოპულარობა და ამ მიზნით საშიშ ისტორიებს არ ვთხზავ. მე ამწუთში ჩემი და ჩემი კოლეგების უსაფრთხოება მაინტერესებს.
არ მეშინია მუქარების. არც იმის რომ დამიჭერენ. ცოცხალი თავს ყოველთვის დავიცავ, მაგრამ მკვდარი ვეღარ!

ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატის სახელით შემოგვითვალეს:
„არ გეშინიათ, მოულოდნელად მანქანამ რომ არ დაამუხრუჭოს ან ოფისში გაზის ბალონი რომ აგიფეთქდეთო?“

არ გვეშინია,მაგრამ…

Post Navigation

%d bloggers like this: