არაფერი პირადი

Post factumm

ჩემი არამწვანე ამბები Part I

ჩემი მეგობრებისათვის დიდი ხანია ცნობილია ის ფაქტი რომ ლაპარაკი მეზარება :) ))
ჰო აი ყოველთვის მეზარება იმაზე საუბარი თუ რას ვაკეთებ, როგორ ვმუშაობ, სად დავდივარ. მაგრამ როცა დღეს მგონი ოთხმოცდამეათიათასედ მკითხა ერთმა მეგობარმა რას შვრები, როგორ ხარ, მომიყევი შენკენ რა ხდებაო, პასუხად ფეისბუქზე დავპოსტე: ” ამ ფოტომ და იმ სიმღერამ დილიდან ჩემს ფლეილისტში რომ ტრიალებს პოსტის წერის ხასიათზე დამაყენა.
ჩემი გიჟური ხევსურული დღეების შესახებ ვიწყებ წერას. დავწერ ყველაზე სევდიან და ყველაზე მხიარულ, შინაარსიან და უშინაარსო დღეებზე:)))
დავწერ გადარეულებზე, ჭკვიან და კეთილ ადამიანებზე.
დავწერ იმ გადარეულ ხევსურზეც და მუსიკაზე, რომელიც იქმნება მთაში :) ))”
აქვე ფოტო და ქვემოთ დაპირებული პოსტიც. არა მგონია ბევრს დააინტერესოს. პრინციპში ეს პოსტი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის დაიწერა ვისაც ჩემი ამბები აინტერესებს.

 

მეხუთე თვე დაიწყო რაც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობ.
ამ ხნის მანძილზე იმდენი რამ ვნახე, იმდენი რამ გადამხდა თავს არც კი ვიცი საიდან დავიწყო.შოკური თერაპიის თეორიული კურსი აგვისტოში, პირველივე სამუშაო დღეს გავიარე. მერე სიტუაცია დაწყნარდა, დალაგდა და ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა.
რეგიონში სადაც დამოუკიდებელი მედია საშუალების ატანა უჭირდათ და გვემუქრებოდნენ რომ ფონდს ჩვენს პროექტს დაახურინებდნენ, მიხვდნენ რომ ყველაფერი მათ ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული. მიხვდნენ რომ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩვენი არსებობის ატანა მოუწევდათ და ქარიშხალი ჩადგა.
ჰოდა როცა ცის კაბადონზე ამინდი შეიცვალა და ღრუბლებს მზე ჩაენაცვლა, მეც დავმშვიდდი.

icmm.ge -ს გუნდი პატარაა, მაგრამ ძლიერია. ალბათ უფრო იმიტომ რომ პრობლემებზე საუბარი შეგვიძლია და საკუთარი შეცდომების დანახვა. საერთოდაც საკუთარი შეცდომის აღიარება ვფიქრობ ყველაზე კარგი თვისებაა, რომელიც ადამიანს გააჩნია. ვერ ვურთიერთობ ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც იციან რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნებისმიერი გზით ცდილობენ მის დაფარვას.
ჩვენი სტაფი ძირითადად, როგორც აქ ამბობენ “ჩამოსულებისგან” შედგება. კახეთი, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი ყოველ დილით ხვდება დუშეთში, რუსთაველის 9 ნომერში ერთმანეთს და დანარჩენ დღესაც ერთად ატარებს. გადაღებებზე აქამდე ძირითადად მე და ნატა დავდიოდით. შესაბამისად ყველაფერი ცუდიც და კარგიც ერთად გადავიტანეთ. თუმცა მანამდე იყო ჩემი გიჟური გადაწყვეტილება და ერთდღიანი “მოგზაურობა” ღვთისგან და კაცისგან მიტოვებულ სოფელ ვეძათხევში.

თავიდან მძღოლი არ გვყავდა, იმიტომ რომ ყველა ადგილობრივი ვინც ICMM-თან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააშინა და მათაც კონტრაქტები გაწყვიტეს. მთელი აგვისტო სოფელ ვეძათხევის მოსახლეობა გვიკავშირდებოდა და დახმარებას გვთხოვდა. ჩვენც ვაშუქებდით. სექტემბრის დასაწყისში, როცა კიდევ ერთხელ დაგვირეკეს გადავწყვიტე წავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა დამეწყრილი სოფელი.

მანქანის არ არსებობის გამო გადავწყვიტე სოფელ არღუნის ავტობუსს გავყოლოდი, რომელიც ვეძათხევთან ახლოსმდებარე სოფელ დუდაურებს გაივლის. დუდაურებში მეგზური დამხვდებოდა და ვეძათხევში გადამიყვანდა. სამწუხაროდ ავტობუსმა გამასწრო. თავიდან წასვლა გადავიფიქრე, მაგრამ მერე ის უცნობი შემეცოდა, რომელსაც ჩემს გამო საკმაოდ დიდი გზა ექნებოდა გავლილი, ტაქსი ავიყვანე და წავედი.

ჩემი მეგზური 23 წლის გარსია გოგოჭური აღმოჩნდა, რომელიც ადრე ხევსურეთში სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობდა. (ოდესმე ამ ბიჭზე აუცილებლად დავწერ უფრო ვრცლად, დღეს კი მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა. ამ ადამიანისაგან ძალიან ვარ დავალებული. მხოლოდ მისი წყალობით გადავურჩი უზარმზარ ძაღლებს. უკან დაბრუნებისას კი როცა აღმოვაჩინე რომ ავტობუსმა გამასწრო და არც ტაქსის ნომერი მქონდა, რამდენიმე კილომეტრი ჩემთან ერთად იარა ფეხით და ასე ვთქვათ სამშვიდობოს გამომაცილა).

ვეძათხევმა შოკში ჩამაგდო. იქ არსებულმა სიღარიბემ, უიმედობამ, დანგრეულმა და დანგრევის პირას მისულმა სახლებმა, მიტოვებულმა ნასახლარებმა აზროვნების უნარი წამართვა. დღეს ამ გადასახედიდან ვფიქრობ რომ ვეძათხევში ჩასვლამდე ნამდვილი სიღარიბე არ მქონდა ნანახი. არ ვიცოდი როგორ და სად ცხოვრობენ ღარიბები. ვეძათხევში აღვიქვი სიღარიბე და ვნახე რომ თურმე ადამიანებს აქვთ უნარი უკიდურესზე უკიდურეს გაჭირვებაში იცხოვრონ, გაძლონ და გადარჩნენ.

ვეძათხევიდან სოფელ ოქრუანში გადავედი, სადაც ვეძათხევის სკოლა მდებარეობს. იმ დროისათვის სკოლა წკნელისგან მოწნულ და მიწით შელესილ ქოხში იყო განთავსებული. სოფლიდან რომ დავბრუნდი რამდენიმე საათი ჩუმად ვიჯექი და ჩემი თანამშრომლების დაკვირვების ობიექტი ვიყავი. ლაპარაკის არც თავი მქონდა და არც სურვილი. თუმცა ყველაზე რთული პერიოდი სტატიის გამოსვლის შემდეგ დაიწყო.

15 სექტემბერს როცა სრულიად ქართული მედია კეთილმოწყობილი სკოლების კადრებს ატრიალებდა, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ერთი პატარა ქართული სოფლის პატარა სკოლაზე დადო რეპორტაჟი. სკოლაზე, რომელიც ქოხში მდებარეობს და რომელშიც პირველ, მეორე, მესამე და მეოთხეკლასელებს გაკვეთილი ერთდოულად უტარდებათ, იმიტომ რომ სკოლას ერთადერთი მასწავლებელი ჰყავს.

პირველი პრეტენზია რესურსცენტრს გაუჩნდა. კარგად მახსოვს დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის სიტყვები, არ გრცხვენია ისევ ინტერვიუზე რომ მოხვედი, მორალური უფლება არ გაქვს კითხვა დამისვაო. როგორც აღმოჩნდა, ვეძათხევის სკოლის მასწავლებელი ჩემზე გაბრაზდა, ჩემი ფოტოები როგორ გამოაქვეყნაო. “განცხადებას წერდა და სკოლიდან მიდიოდა. რომ წასულიყო სკოლა იხურებოდა. სტატიას რომ წერდი ამაზე არ ფიქრობდიო,” – მითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. ერთი შეხედვით რესურსცენტრის ხელმძღვანელი მართალია, მაგრამ ბრალდების ობიექტი აარჩია არასწორად.
მე ვფიქრობ სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე თანაბრად უნდა იზრუნოს. ის რომ ვეძათხევის სკოლა ამ დღეშია სწორედ სახელმწიფოს ბრალია და არა ჩემი, ერთი ჟურნალისტის, რომელმაც პრობლემა აღმოაჩინა და ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მესმის რომ მასწავლებლის გაბრაზების გამო სკოლა შეიძლებოდა საერთოდ დახურულიყო, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ვინმე ფიქრობს იმ ბავშებზე რომლებიც იქ სწავლობენ და არასათანადო განათლებას იღებენ?
საინტერესო იყო ჩემი და რესურსცენტრის ხელმძღვანელის დიალოგის გაგრძელება. “ვინმე რომ ბაბუაშენს ასე მოექცეს, მოგეწონებაო?” – მითხრა.
“თქვენს შვილებს ასწავლიდით იმ სკოლაშითქო?” – დავუბრუნე კითხვა. მისგან დადებითი პასუხი ვერ მივიღე. არც მიფიქრია რომ მივიღებდი. არცერთი ნორმალური ადამიანი თავის შვილს ვეძათხევის სკოლაში სასწავლებლად არ გაუშვებს.
რაც შეეხება მასწავლებელს. მე დღემდე ვფიქრობ რომ სწორად მოვიქეცი. ფოტოების გადაღებაზე ნებართვა ვითხოვე და მივიღე კიდეც. მაშინ არც პროტესტი გამოუხატავს, პირიქით ძალიან დამეხმარა და სკოლის გასაჭირზე ისაუბრა კიდეც. შესაბამისად დღემდე ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა რამ აღაშფოთა მასწავლებელი.

საერთოდ ფოტოები ის თემაა, რომელიც ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ხშირად ხდება უკმაყოფილების და გაღიზიანების მიზეზი. იმ ფაქტს რომ ყველა სტატიას, რომელსაც ვწერ (თ), მძაფრი რეაქცია მოჰყვება დიდი ხანია შევეჩვიე. მესმის რომ ვერასოდეს დავწერ ისე, რომელიმე ჩინოვნიკს რომ მოეწონოს. მესმის რომ ყოველთვის იქნება ისეთი დეტალი სტატიაში რომელიც ვიღაცას მაინც გააღიზიანებს. მაგრამ ძალიან მიჭირს გავიგო რატომ ემალებიან ფოტოობიექტივს საჯარო პირები. არც კი ვიცი რა დავარქვა ამას, კონფლიქტი? შენიშვნა? თუ როგორ დავასათაურო ის რაც ბოლო სამი თვეა ჩვენსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირებს შორის ხდება.

ყველაფერი ერთი უწყინარი პრეზენტაციის გაშუქებით დაიწყო. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ დუშეთის კულტურის სახლს აპარატურა აჩუქა. შეხვედრას მხარის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, დუშეთის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი და საკრებულოს წევრი (მხარის ფეოდალი:) ზურაბ ოტიაშვილიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციის მსვლელობისას და შემდეგ ფოტოები გადავიღე, რომელი ფოტოებიც როგორც ჩანს გუბერნატორს არ მოეწონა.

რამდენიმე დღის შემდეგ ვაჟაობის დღესასწაულზე ბატონმა ჩოჩელმა საჯარო ლექცია წამიკითხა თემაზე: “როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი და როგორ არ უნდა გადაიღოს საჯარო პირები.”

 

მაშინ გავატარე და დავიკიდე. მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მწარედ მახსოვს 7 ოქტომბერი და სარკოზის დასახვედრად მობილიზებული დუშელები დუშეთის ცენტრში. ჯერ გამგებელმა მიყვირა, რას იღებ ამდენ ფოტოებს, რამდენი ფოტო უნდა გადაიღო ბოლო ბოლოო და მერე დუშეთის სპორტსკოლის დირექტორმა საკმაოდ უხეში ფორმით მოგვმართა ჟურნალისტებს.

სიმართლე გითხრათ რესპონდენტებთან საუბრისას იშვიათად გამოვდივარ წონასწორობიდან. უფრო სწორად თითქმის არასდროს გამოვსულვარ. მაგრამ იმდღეს გამონაკლისი იყო. ცრემლები მახრჩობდა, იმიტომ რომ იძულებული ვიყავი ჩემი სტატუსის გამო შეურაცხყოფა მომეთმინა, რადგან რაც არ უნდა მეთქვა, როგორი მართალიც არ უნდა ვყოფილიყავი (ვიყავი კიდეც), მაინც მე გამოვიდოდი უზრდელი ჟურნალისტი და ის კაი ტიპი. მოვითმინე, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა დიდი სურვილი მქონდა ის ფოტოაპარატი თავში ჩამეთხლიშა იმ უზრდელი ტიპისათვის.

ჰო ტიპებზე გამახსენდა. გუბერნატორი უფრო ტიპია, ვიდრე თანამდებობის პირი. რამდენიმე დღის წინ საგურამოში დავით ბაქრაძემ ახალი ლუდის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა. რომელიც ოფიციალურად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის ძმას ეკუთვნის. გუბერნატორმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და ჩვენი საინფორმაციო ცენტრი გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ ჩოჩელის ქონებრივი დეკლარაცია გამოვაქვეყნეთ, გუბერნატორის კრიტიკის ობიექტიც სწორედ აღნიშნული სტატია იყო. სიმართლე გითხრათ კრიტიკის დარქმევა ზედმეტად კორექტული ფორმაა მისი საქციელის დასასათაურებლად. უფრო “კაჩავი” ერქვა ამას. თან ხაზგასმა იმაზე რომ ” აი ხომ ხედავ. ქვეყნის მეორე პირი აქაა (ნუ ფორმალურად მეორე, მაგრამ მაინც) და საერთოდ მკიდია თქვენ რას წერთ და როგორც წერთო” (ინტერპრეტაცია ჩემია:).

თუმცა გარეგნული ფორმების მიუხედავად რომ არ ჰკიდიათ ფაქტია. როგორც ვიცი ყველა ჩვენი სტატია საგულდაგულო განხილვის თემაა. კარგია. უფრო კარგი იქნება ჩვენს სტატიებში დასმულ პრობლემებს თუ მიაქცევენ ყურადღებას და იმ ადამიანებს დაეხმარებიან ვისზეც ვწერთ.

საკმაოდ ვრცელი პოსტი გამომივიდა. ხვალ საღამოს გავაგრძელებ:)

Advertisements

Single Post Navigation

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: