არაფერი პირადი

Post factumm

Archive for the tag “ბარისახო”

ჩემი არამწვანე ამბები Part II

ოქტომბერში მძღოლის პრობლემა მოვაგვარეთ. მიხარია როცა ადგილობრივები თანხმდებიან მცხეთა-მთიანეთის ცენტრთან თანამშრომლობას და ჩვენთან სამუშაოდ მოდიან. კარგი მძღოლი გვყავს. პროფესიონალი. უკანა ფშავში ისეთ გზებზე გვატარა და თან ისე ოსტატურად, მე და ნატა სუნთქვაშეკრულები ვისხედით და კარის სახელურებს ვებღაუჭებოდით. უკანა ფშავისკენ მიმავალი გზა ვიწროა და სახიფათო. გზაზე წვრილი წვეტიანი ქვები ყრია. თუ ფრთხილად არ ივლი დიდი შანსია საბურავი დაზიანდეს და მოგზაურობა ჩაგეშალოს. ჩვენი მძღოლის პროფესიონალიზმის წყალობით დანიშნულების ადგილს მშვიდობით მივაღწიეთ და უკანაფშავის ბოლო სოფელში, ვაკისოფელში ავედით. სოფელში იმ დროისათვის ერთადერთი ოჯახი დაგვხვდა, ძალიან თბილი და კარგი ხალხი. საერთოდაც მე ვფიქრობ მთაში რომ სუფთა ხალხი ცხოვრობს ისეთი არსად არაა. შეიძლება ეს შეფასება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ და შეიძლება ვაჭარბებ კიდეც, მაგრამ ძალიან რთულია ფშაველის გულწრფელობაში შეიტანო ეჭვი. ხშირად მახსენდება ის სათნო და კეთილი ადამიანები და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანებს ვიცნობ.

არ ვიცი რამდენჯერ გამიგია რომ მთა იცლება, რომ მთა მიტოვებული და უპატრონოა, მაგრამ ასჯერ გაგონილს რომ ერთხელ ნანახი სჯობია ფშავში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. უკანაფშავის სოფლები თითქმის დაცლილია. ერთადერთი შუაფხო და თხილიანაა შედარებით ხალხმრავალი. სადაც ჯამში დაახლოებით 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. თხილიანაში ერთი სამწუხარო ამბავიც შევიტყვეთ. წელს გაზაფხულზე წყალდიდობისას სოფელში ბავშვი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით გოგონა ხიდზე გადადიოდა და უეცრად მოვარდნილმა წყალმა ხიდი წაიღო. თუმცა როგორც აღმოჩნდა ოფიციალური ინფორმაცია არასწორი იყო და ფაქტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავიანთ სასარგებლოდ დაამახინჯა. სინამდვილეში წყალმა ხიდი კი არ წაიღო, არამედ ხიდი ჩატყდა და გოგონა ადიდებულ არაგვში ჩავარდა.

ვაკისოფელიდან ფშავის მთებით, მისი სილამაზით და უზომოდ კეთილი ადამიანების გაცნობით აღფრთოვანებულები წამოვედით. რუკა ბლოკნოტში მქონდა მიჯღაბნილი. ვიცოდი რომ სადღაც ახლოს იყო უკანაფშავის კიდევ ერთი სოფელი ჭიჩო. თუმცა როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე კარგი გეოგრაფი ვარ და ჭიჩოს ნაცვლად მუქოში ავედით. მუქო – ეს არის სოფელი მთის წვერზე. უფრო სწორად მთის წვერთან ფერდობზე შეფენილი რამდენიმე სახლი – ერთი ოჯახით. ჩვენი მასპინძელი ერთი მხიარული ფშაველი აღმოჩნდა, რომელიც 5 წლის წინ ქალაქს გამოექცა და მამაპაპისეულ კუთხეს მოაშურა. ჩვენი დანახვა ძალიან გაუკვირდა. კაციშვილს ეს სოფელი არ ახსოვს, დიდი ხანია აქ უცხო არავინ მინახავს და თქვენ საიდან მოხვედითო – გვკითხა. მერე თავისი “რანჩო” დაგვათვალიერებინა. ჩემი საზაფხულო რეზიდენციააო. სერიალებში რომ აქვთ რანჩოები, მეც მოვიწყვე ჩემთვის ერთი პატარა რანჩოო გვითხრა.

ფშაველის რანჩო მუქოში

 

ჩვენც ინტერვიუები ჩავწერეთ, ათასი რამ ვკითხეთ. მთელი საუბრის მანძილზე წუწუნებდა ძნელია მთაში ცხოვრება, მარტოს მიწევს ყველაფრის კეთებაო. ტელეფონი აქ არ იჭერს და არაფერი. დასარეკად მეზობელ მთაზე უნდა გავიდეო და მუქოს წინ მდებარე მთისკენ მიგვითითა. ძალიან დამაინტერესა სალოცავმა და საფლავებმა რომელიც მუქოშია. თუმცა მათ დეტალურად შესასწავლად დრო აღარ დაგვრჩა. ღამდებოდა, თან გაგვიწვიმდა და წამოსვლა ვიჩქარეთ.

წამოვედით, მაგრამ მთლად უსაფრთხოდაც ვერა. ნაწვიმარზე მანქანა მოსრიალდა და…. მე მანქანიდან გადმოვხტი:)
მართალია არაფერი საშიში არ იყო, მაგრამ მაინც აღარ ჩავჯექი მანქანაში. ვაღიარებ, საშინლად მოვიქეცი, მაგრამ როცა ვიხსენებ იმ ავტოავარიების რიცხვს, რამდენშიც მოვხვდი და როცა სარკეში ჩემს გატეხილ წარბსაც ვავლებ თვალს, რისკის სურვილი მინიმუმადე დადის.

ძალიან სასაცილო იყო შემდეგ განვითარებული სიტუაცია. ნატა და მძღოლი მომდევდნენ მანქანით და მეხვეწებოდნენ რომ მანქანაში ჩავჯდარიყავი, მე კიდევ ვამტკიცებდი რომ ფეხით სიარული მერჩივნა და წვიმაც არაფერში მიშლიდა ხელს. ჩემი სიჯიუტის წყალობით, კარგად გავილუმპე და სერიოზული გრიპიც ავიკიდე ფშავიდან დაბრუნებისას.

საერთოდ ჩემი და ნატას ურთიერთობა საოჯახო კომედიას ჰგავს, ტრაგედიის მცირე ელემენტებით. ზოგადად ICMM- ში ფიქრობენ მე ყველაზე ფრთხილი და მშიშარა ვარ. იმიტომ რომ გამუდმებით ვიძახი ყველაფერზე, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. და სანამ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ დიდხანს ვფიქრობ. ნატა ამ მხრივ სწრაფია. უშიშარი და გულადია. მაგრამ როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება სერიოზულად ამუხრუჭებს. ასეთ დროს როგორც წესი მე კარგი ფარი ვარ ხოლმე. მაგალითად მთელი ცხოვრება მეშინოდა ძაღლების. დუშეთში ცხოვრების პირველი თვე ცხადში ახდენილი კოშმარი იყო. ჯერ ისედაც რთულია ადაპტაციის პერიოდი. ახალი ადამიანები, ურთიერთობები და უნდობლობა დიდი დოზით. რთულია თავის დამკვიდრება უცხო ქალაქში სადაც არავის არ იცნობ და სადაც პირველივე დღეს პოლიციური რეჟიმის თვითმმართველობას ეჯახები. ამ ყველაფერს დაუმატეთ ძაღლებით სავსე ქუჩები და სრული ბედნიერებისთვის ამ ძაღლების უცნაური თვისება – ყველა გამვლელ-გამომვლელს უკან დაჰყვებიან. თავიდან ქუჩაში უკიდურესად დაძაბული დავდიოდი, სულ მეგონა რომ რომელიმე ჩემს გვერდით მოსეირნე ძაღლს აუცილებლად მოუნდებოდა კბილის გაკვრა. ნატა პირიქით, თავისუფლად დასეირნობდა, სანამ ერთ დღეს ძაღლები არ დაედევნენ და კივილით არ შევარდა უახლოეს აფთიაქში:) მოგვიანებით მეც მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ნერვიულობას. ერთ დილით ჩემს თავს ვუთხარი: “წარმოიდგინე რომ ქუჩაში ძაღლები არ დადიან. წარმოიდგინე რომ ყველაფერი კარგადაა, რომ არ გეშინია და მომეშვა”. მას შემდეგ ასე ვაგრძელებ “Life in a fool’s paradise”.

 

გულადი და უშიშარი ნატა

 

ნატაზე ვსაუბრობდი ზემოთ. ფშავის შემდეგ ბარისახოში წავედით. ბარისახოზე უფრო დაწვრილებით და იმ ამბავზე, როგორ გადავურჩით ახანჯვლას მომდევნო პოსტში დავწერ. დღეს კარგ ამბებს გავიხსენებ მხოლოდ. ბარისახოდან ლამის მარტო დავბრუნდი. ნატამ ერთი გადარეული ხევსური გაიცნო და ისე გადაირია, რჩებოდა :)
“არაფერი არ მინდა, თავი დამანებეთ ვრჩებიო,” – იძახდა. თუმცა როცა ცოტახანში აღტაცებამ გადაუარა და ჯანსაღად აზროვნება დაიწყო, წამოვიდა:). უცნაური რაღაცაა სიყვარული. აი რაღაცა ან ვიღაცა რომ შეგიყვარდება და მზად ხარ ყველაფერი დაივიწყო მის გამო. როგორც წესი ქალები სწორედ ასეთ დროს სცდებიან და სიყვარულის გამო ყველაფერზე უარს ამბობენ. ნატასაც ასე დაემართა. ერთი ხევსურის გამო ლამის ყველაფერზე უარი თქვა.

Kiss me...Kiss me baby:)

 

ყველაზე სახალისო ამ ამბავში ერთი ფაქტი იყო. ხევსურეთში სოფლებს საკმაოდ უცნაური სახელები აქვთ. დუშეთშიც იმდენი სოფელია, რომელიც კარზე მთავრდება რომ ხანდახან სათვალავი მერევა – მილახვრიანთკარი, ფოლადაანთკარი, ბანცურთკარი, ზოტიკიანთკარი, შალიკიანთკარი, ბზიკურაანთკარი, ველთაურთკარი, ციგრიაანთკარი, თანიაანთკარი, კუდიაანთკარი, ლაფანაანთკარი, აღდგომელაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, იმის კარი ამის კარი….კარი, კარი, კარი…

თავიდან გვერეოდა. დუშელებიც ჩასაფრებულებივით ერთ შეცდომასაც არ გვპატიობდნენ და სულ იყო საუბარი იმაზე, დააზუსტეთ სოფლები, გვარები. სოფლებს კიდევ ეშველა, რუკაზე ვნახულობდით, მაგრამ გვარები იქცა ტანჯვად. ნუ ნატას სატანჯველად პირველ რიგში. თუმცა ბარისახოში დაწყებულმა ლავ სთორმა ნატას პრობლემას უშველა. სხვა თუ არაფერი, ზუსტად ვიცი რომ ერთი ხევსურული გვარი არასოდეს შეეშლება:)

გუშინ ვთქვი სევდიან დღეებზეც დავწერ მეთქი. ერთის მხრივ შესანიშნავი სამსახური მაქვს. იმას ვაკეთებ რაც ჩემია, აი ძალიან ჩემი და რაც მიყვარს. მაგრამ ხანდახან ვჭედავ. მონატრებას ვეღარ ვერევი და არანორმალურად მინდა სახლში ყოფნა. სახლი, მეგობრები, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მენატრებიან. როცა ფეისბუქზე ისეთ ღონისძიებას ლინკავენ, რომელზეც ყოფნა ძალიან მინდა და ვერ მივდივარ ნერვები მეშლება. ახლაც რამდენიმე წუთის წინ მოსაწვევი მომივიდა. ერთი ქუთაისური ჯგუფი კონცერტს მართავს. მიუხედავად იმისა რომ შაბათსაა, ვერ წავალ. იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი და ვერ მოვახერხებ ჩასვლას. არადა ქუთაისში როცა ჩავდივარ ჩემი და და ჩემი მეგობრები აღნიშნავენ რომ დუშეთმა ჩემი მუსიკალური გემოვნების დეგრადაცია მოახდინა. აქ ჩამოსვლამდე ქართულ მუსიკას საერთოდ არ ვუსმენდი. კარგად მახსოვს ჩემი ირონიული ფიქრები როცა ნატალიმ ქართული სიმღერის “შედევრები” ჩართო ერთ საღამოს და იძულების წესით მასმენინა. თავიდან ჯიუტად ვამბობდი უარს, მაგრამ როცა ერთ დღეს ნამდვილ ხევსურულ საღამოზე აღმოვჩნდი, მივხვდი რომ უაზრობაა გამუდმებით დააიგნორო ის, რასაც შენი ქვეცნობიერი გთავაზობს. ეს პოსტიც აი ამ სიმღერის ფონზე დაიწერა.

უშენოდ ყინვაა

საკუთარი თავის მიკვირს, მაგრამ ასეა. მე ახლა ამას ვუსმენ.
პრინციპში ეს ჩემთვის მარტო სიმღერა აღარაა. ჩემი დაუწყებელ-დაუსრულებელი ისტორიის ამბავია, რომელსაც აქ და ამ სივრცეში ალბათ არასდროს მოვყვები:)

Post Navigation

%d bloggers like this: